Loading...

შიდა ქართლში მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს გახურებული რკინით, რეზინის მილებით და გაყინული წყლით 2 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აწამებდა. ძალადობის შესახებ იცოდა ყველამ- ოჯახმა, მეზობლებმა ახლობლებმა, მაგრამ ყველა დუმდა.

დღეს მამაკაცი დაკავებულია, საქმეში მტკიცებულებები და ჩვენებებიც დევს, თუმცა როგორც ბრალდებულის, ასევე ძალადობის მსხვერპლის ახლობლები მამაკაცს ხელს აფარებენ.

Loading...

პოლიციას დახმარებისთვის მისამართზე გამოძახებულმა სასწრაფომ მიმართა, რომელსაც სახლში დამწვარი და ნაცემი ახალგაზრდა ქალი დახვდა. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

წყარო, რომელიც „კურიერს“ ოჯახური ძალადობის მძიმე დეტალებს უყვება, საკუთარ წერილში აღწერს, რომ ახალგაზრდა ქალი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხშირად იყო.

„მთვრალი დავით ოქროპირიძე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით რეზინის მილის და ღუმელის რკინის საჩხრეკის გამოყენებით სცემდა. ურტყამდა ფეხებში, ბოთლით ასხამდა ცივ წყალს სხეულის სხვადასხვა ადგილას.

აიძულებდა შემძვრალიყო საწოლის ქვეშ. იქ, სადაც იყო „მისი ადგილი“. ერთ დღეს დავით ოქროპირიძემ აიძულა თავისი ცოლი ასულიყო საწოლზე და დამდგარიყო ხელებგაშლილი. გააცხელა ლითონის შესადუღებელი ხელსაწყო, ე.წ პაიანიკი და დაემუქრა, თუ ჩამოუშვებდა ხელებს დაწვავდა. თეამ ვეღარ გაუძლო და ხელები ჩამოწია დაბლა, რა დროსაც ქმარმა გაცხელებული ე.წ „პაიანიკი“ დაადო და დაწვა“, – წერს წყარო.

საქმეში დევს დაზარალებული ქალის დედის ჩვენებაც, რომელიც ძალადობის მსხვერპლზე ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა დედის ნათქვამი ექსპერტიზამ არ დაადასტურა.

ახლა დაზარალებული ქალი რეაბილიტაციის კურსს გადის. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურას კი აქვს არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, როგორ ძალადობდა ქმარი საკუთარი შვილების თანდასწრებით ახალგაზრდა ცოლზე.

კურიერს დაკავებული დავით ოქროპირიძის დედა სატელეფონო ინტერვიუზე დათანხმდა და თქვა, რომ ხელსაწყოთი დამწვრობა ახალგაზრდა ქალმა თავად მიიყენა.

იმის გამო, რომ ჩხუბის ფაქტებს 4 და 7 წლის ბავშვებიც ესწრებოდნენ, პროკურატურამ ისინიც გამოკითხა. საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან მუშაობდა და მათ უფლებებზე ზრუნავდა.

29 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად 4 მძიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორის მოძალადე ქმარს წლების წინ ჩადენილ დანაშაულსაც ედავებიან – ის ფიზიკურად ცოლს ორსულობის დროსაც უსწორდებოდა.

gamelife.ge

Loading...