Loading...

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე დღეს გარდაცვლილი იპოვეს. მის ცხედარს ცხვარიჭამიასთან მიაგნეს.

„პრაიმტაიმი“ მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელსაც გარდაცვლილთან ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა. თამარ ჯაფარიძის თქმით, სანდრო ბერიძემ მას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო, დახმარების მიზნით მიმართა. ისინი ერთობლივი ღონისძიების ჩატარებას გეგმავდნენ.

Loading...

ეს დიალოგი თამარ ჯაფარიძესა და სანდრო ბერაძეს შორის ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში შედგა…

– (თამარ ჯაფარიძე) სანდრო როგორ ხარ, ხომ მშვიდობა გაქვს, სად დაიკარგე?

– (სანდრო ბერაძე) გადარბენა გვაქვს სამსახურში, თვის ბოლოს მთავრდება გადაცემები.

– (თამარ ჯაფარიძე) სანდრო სად ხარ, როგორ ხარ?

– (სანდრო ბერაძე) კარგად ვარ ჯერჯერობით. კარგად ვგრძნობ თავს. თქვენ როგორ ბრძანდებით ახლა მეგობრებთან ვარ, ისე ყველაფერი კარგად… დავდივარ სამსახურში და ვიღლები მაგრად… – წერდა გარდაცვლილი.

„ვუსამძიმრებ სანდროს ოჯახს, ძალიან გული მტკივა და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ეს მისი ოჯახის კი არა, ქვეყნის ტრაგედიაა. როდემდე უნდა კვდებოდნენ ახალგაზრდები აზარტული თამაშების გამო?! მგონი ყველა ქუჩაში უნდა გამოვიდეთ…

მე და სანდრომ ერთმანეთი რამოდენიმე ხნის უკან გავიცანით. მან დამირეკა და მითხრა, ქალბატონო თამრიკო, გადამარჩინეთ, ცუდად ვარო… მას მერე სულ ვეკონტაქტებოდი. ვთხოვდი, რომ შემხვედროდა, მაგრამ სულ მოუცლელობას, საქმეს და სამსახურს იმიზეზებდა. ერთხელ მითხრა, ნუ გეშინიათ ქალბატონო თამრიკო, მე უკვე ვმკურნალობო. ამ ზაფხულს ბათუმში იყო, მეგონა სათამაშოდ წავიდა კაზინოში. ვუთხარი არ გადამრიო-მეთქი. ნუ ნერვიულობთ, კარგად ვარ, გამოვედი მდგომარეობიდანო… 20 ოქტომბერს შევკრიბე ლუდომანები, წინა დღეებში სანდროსაც დავურეკე და ვუთხარი, შეკრებას ვაკეთებ, ბუნებაში ვაპირებთ გასვლას და მინდა, რომ შენც იქ იყო-მეთქი. დამთანხმდა, მაგრამ მერე გამორთო ტელეფონი და ვეღარ დავუკავშირდი. მოგვიანებით დამირეკა. გადაღებაზე მივდივარ და ვერ ვახერხებ წამოსვლასო. ძალიან არ მომეწონა და ვუთხარი კიდეც, შენი ხმა არ მომწონს – მეთქი. მას მერე აღარ დამეკონტაქტა…

როგორც მისგან ვიცი, ის ძალიან დიდი ხანია, რაც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. ჩემი რჩევით ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილთანაც იყო მისული. მედიკამენტები გამოუწერა, თუმცა ერთი დღე დალია და მერე შეეშვა. როგორც მას, ისე სხვა მოთამაშეებს, ყოველ საღამოს ვურეკავდი და ვესაუბრებოდი… როცა მისი გაუჩინარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მის ოჯახში მივედი. სანდრიკოს დედა გამშრალი და განადგურებული დამხვდა…

როდესაც ლუდომანები დიდ თანხას აგებენ, მერე ყველას და ყველაფერს გაურბიან და იმალებიან. მეგონა, რომ სანდრიკოც არსებულ სიტუაციას გაექცა, მაგრამ… მეუბნებოდა, საკუთარ თავს ვებრძვიო, თუმცა ის ამ ბრძოლაში დამარცხდა. წარმოიდგინეთ როგორ ვიყავი ამ უცხო ადამიანთან, რომელსაც მხოლოდ ტელეფონით ვიცნობდი. იცით რაზე მწყდება გული?! სამართალი აღარ არის? ეს უბედურება არავის ადარდებს? წიწილებივით კვდებიან ეს ახალგაზრდები…

ჩვენ ბევრი გეგმა გვქონდა. სამორინეები უნდა გადაგვეღო და ბევრ კარგ საქმეს ვგეგმავდით, მაგრამ ბოლო პერიოდში გამირბოდა და აღარ მეკონტაქტებოდა.

მგონი ყველაფერს თამაშობდა, რაც კი აზარტული თამაშებში მოიაზრება…

ქვეყნის მართველს მივმართავ, ბატო ბიძინას! შესანიშნავია წყალტუბოს გაცოცხლება, მაგრამ წყალტუბოში დამსვენებელი ქართველი აღარ გეყოლებათ, თუ სათამაშო ბიზნესს არ ალაგმავთ, თუ მერიისგან გაპრავებულ ბეთების რეკლამებს არ გააუქმებთ. სანამ საჯარო რეესტრს არ მოსთხოვთ დარეგისტრირების გამჭირვალობის კუთხით, ვიდრე ჯანდაცვის უწყებებს არ მოსთხოვთ აღიარონ ლუდომანია ადიქციურ მძიმე დაავადებად და გაასაჯაროვონ მისი გრიფი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვამ მიანიჭა F63.0, ვიდრე შსს-ს არ მოსთხოვთ სტატისტიკას სუიციდის ფაქტების და ასევე ჩადენილი დანაშაულებების თამაშების საფუძლით დაფილტვრას, ვიდრე პარლამენტში დამაქცეველი „ბიზნესის“ ლობისტები ისხდებიან, ვიდრე სარეაბილიტაციო ცენტრი არ იქნება ქვეყანაში და უკვე მერამდენე ვიდრე, რომელიც ქვეყნის ყველა ინსტიტუციას მოიცავს.
კმარა! იფიქრეთ სარეაბილიტაციო ცენტრზე, სადაც სანდროს მსგავსი ახალგაზრდები იმკურნალებენ. ეს იქნება უდიდესი კეთილშობილური საქმე. უკვე 15 სუიციდის ფაქტია ორ თვეში. – ამბობს თამარ ჯაფაიძე.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა. დაკარგულის დედა ამბობდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.

წყარო: primetime

Loading...