ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ერთი კვირა ან 10 დღე დააკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რის შემდეგაც გაიხსნება მოლები და რესტორნები.

მისივე განცხადებით, ამ პერიოდში უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მხოლოდ მეტრო და ავტობუსი.

 

„ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, დიდხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ იმ რეკომენდაციის შესახებაც ისაუბრა, თუ რა პირობებით შეიძლება აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

„ავტობუსებსა და მეტროში იქნება ცოტა ადამიანი დაშვებული, ჩემი აზრით, შეიძლება გადავიყვანოთ ერთ გადაყვანაზე 10-15 მგზავრი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. რიგის გამოშვებით და სკამის გამოტოვებით განვათავსებდი მგზავრებს და სპეციალურ ნიშნებს გავაკეთებდი. ასევე გავაკეთებდი მეტროშიც.

გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებ ვენტილაციის გამართულ სისტემას ავტობუსებსა და მეტროში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – განაცხადა ცერცვაძემ „საქართველოს პირველ არხთან“ საუბარში.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ უკვე განაცხადა, რომ მერია ტრანსპორტის ასამუშავებლად უკვე მობილიზებულია და მხოლოდ სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here